ქველმოქმედების 3 გზა, ფინანსური ინვესტირების გარეშე დიახ, თქვენც შეგიძლიათ ამ მძიმე დროში საკუთარი წვლილის შეტანა, როდესაც მილიონობით ადამიანი გადარჩენისთვის იბრძვის. და აი, როგორ უნდა გააკეთოთ ეს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ერთმანეთის დახმარების სურვილი ადამიანების შინაგანი მოთხოვნილებაა, და ახლა იმაზე მეტადაც, ვიდრე ოდესმე. მიუხედავად ამისა, ბევრ ადამიანს, რომელსაც უშუალოდ შეეხო საზოგადოებრივი ჯანდაცვის/ეკონომიკის ეს კრიზისი, ფინანსების გაცემის შესაძლებლობა არ აქვს. შესაძლოა, ამის დიდი სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ თითოეულმა საკუთარ ოჯახზე უნდა იზრუნოს. ათობით მილიონი ადამიანი უმუშევარია და კიდევ ბევრს რეკორდული სიჩქარით ათავისუფლებენ სამსახურებიდან, მომავალი მთლიანად ბურუსითაა მოცული. არავინ იცის, რა მოხდება.
კარგი ამბავია ის, რომ დახმარება მხოლოდ ფინანსური სახის არ უნდა იყოს, და ძალიან ბევრი საშუალება არსებობს რაღაცის გასაცემად, ისე, რომ არც თქვენი ჩეკის წიგნაკის გახსნა დაგჭირდეთ და არც საკრედიტო ბარათის ამოღება. ქვემოთ ქველმოქმედების სამი გზაა განხილული, რომელიც იმ შემთხვევაშიც კი დაგეხმარებათ, როდესაც თქვენი ფინანსური შესაძლებლობები შეზღუდულია.
1. საკუთარი დრო დაუთმეთ
დღევანდელ პირობებში დროის დეფიციტი უკვე აღარ არსებობს. უმუშევრობამ რეკორდულად მაღალ დონეს მიაღწია და მილიონობით ადამიანი შინაა გამოკეტილი. თუ გსურთ თქვენი დრო და ენერგია გაიღოთ იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისთვისაც ეს აუცილებელი, ეს შესანიშნავი და გულითადი ნაბიჯი იქნება. თუ რომელიღაც საკითხში გაქვთ გარკვეული გამოცდილება, ყველანაირად შეეცადეთ საჭირო რჩევები მისცეთ თქვენს კლიენტებს და სხვა ადამიანებს თქვენს სფეროში. მათ ინსტრუმენტები შესთავაზეთ, რომლებიც გადასარჩენადაც აუცილებელია და იმისთვისაც, რომ კიდევ უფრო ძლიერებმა მიაღწიონ მეორე ნაპირს.
თქვენ ასევე შეგიძლიათ იგივე ღირებული რჩევები და მითითებები ადგილობრივ კომპანიებსაც მიაწოდოთ, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან იძულებითი უძრაობისა და სწრაფად განვითარებადი ბიზნესმოდელების ეპოქაში. დახმარების გაწევის კიდევ ერთი გზაა, მიმწოდებლებთან მუშაობა, რომელიც ორგანიზაციებს თავიანთი მიწოდების ჯაჭვების ადაპტირებაში და საზოგადოებისთვის დახმარების გაწევის საკუთარი საშუალებების მოძიებაში დაეხმარება.
ახლა, როდესაც პირისპირ შეხვედრების ჩატარება აკრძალულია, შეგიძლიათ ვებინარებს უმასპინძლოთ, რათა კონტაქტები შეინარჩუნოთ და თქვენი გამოცდილება კლიენტებს, ადგილობრივ ორგანიზაციებს, მიმწოდებლებს, კოლეგებს და სხვებსაც გაუზიაროთ. თუ აუდიოფორმატს ამჯობინებთ, პოდკასტები კონტაქტების დამყარებისა და ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა ახლანდელი პანდემიის პირობებში. შეგიძლიათ პოპულარულ პოდკასტებზე სტუმრებსაც დაუთმოთ ადგილი ან თქვენზე მორგებული პერსონალური მაუწყებლობა სცადოთ.
2. გაეცით თქვენი ნივთები
საყოფაცხოვრებო მასალებსა და მატერიალურ ფასეულობებზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ ასეთი არავის ახსოვს. ამდენი ადამიანი უმუშევრად დარჩა და ისინი ყველანაირად ცდილობენ თავის გატანას, და მათთვის სულ მცირე რაიმეს შეძენაც კი, შესაძლოა, სრულიად მიუწვდომელი იყოს.
თუ თქვენ, როგორც ბევრი ჩვენგანი შინ ხართ გამოკეტილი და წესრიგისა და სისუფთავის დამყარებაზე ზრუნავთ, რატომ არ უნდა გადასცეთ ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რასაც მოძებნით? დაიწყეთ იმით, რომ საკუთარ კარადაში ტანსაცმელს გადახედეთ, რომელსაც უკვე აღარ ატარებთ, ის თქვენ აღარ დაგჭირდებათ, მაგრამ ვიღაც სხვა აუცილებლად ჩაიცვამს. თქვენ ასევე შეგიძლიათ საკუთარი ძველი ავეჯი და საოჯახო ნივთებიც გასცეთ, და ზედმეტი მარაგიც თქვენი სარდაფიდან. ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციები და სასურსათო ბანკები სიხარულით შეხვდებიან თქვენს ამ ნაბიჯებს.
3. იყავით კარგი, მზრუნველი სამარიტელი
ახლა, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად მარტონი დავრჩით, ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ. მარტოობა და მიზნის უქონლობა უკვე ძალიან აშკარად საგრძნობია, და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს მრავალი ექსპერტი თვითმკვლელობებისა და დეპრესიების დონის მნიშვნელოვან გაზრდას მოელის, თუ ეს კარანტინი გაძლიერდება. თუ გსურთ, რაიმე კარგი გააკეთოთ, ისეთი მარტივი რამ სცადეთ, როგორიცაა ღიმილი ან სატელეფონო ზარი, და ესეც მნიშვნელოვანი იქნება. ახლა ზუსტად შესაფერისი დროა, თქვენი ხანდაზმული მეზობლები მოიკითხოთ, კოლეგებს დაურეკოთ, რომლებიც კარანტინის დაწყების დროიდან აღარ გინახავთ, და მათაც მიაქციოთ ყურადღება, ვისაც ეს სჭირდება.
ამასთან ერთად, იმის დროცაა, მადლობა გადაუხადოთ მათ, ვინც "ფრონტის წინა ხაზებზე" იმყოფება − ექიმებით და მედდებით დაწყებული, რომლებიც დაავადებულებს მკურნალობენ, და სხვადასხვა მუშაკით დამთავრებული, რომლებიც ადგილობრივ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებს პროდუქტებით ამარაგებენ. როდესაც მარაგის შევსებას გადაწყვეტთ, ორიოდე წუთი გამონახეთ თქვენი მადლიერების გამოსახატად და ამ ადამიანებს, ქალები არიან ისინი თუ მამაკაცები, გულითადი მადლობა გადაუხადეთ თქვენზე დახარჯული დროისა და მომსახურებისთვის.
ან კიდევ: შემდეგ ჯერზე, როდესაც პროდუქტებს მოგაწვდიან ან პიცას შეუკვეთავთ, შეეცადეთ მადლობა გადაუხადოთ მძღოლს, რომელმაც პროდუქტები შინ მოგიტანათ. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი მადლიერება ორი მეტრის დაშორებითაც კი გამოხატოთ, და შესაძლოა, ამ სიკეთემ ვიღაცას დღე გაულამაზოს.
ბევრმა ადამიანმა მაშველებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ პატივისცემის გამოსახატად სინათლე აანთო. თქვენც შეგიძლიათ შეუერთდეთ მადლიერების გამოხატვის ამ აქციას. თქვენ გაცილებით გაბედული ნაბიჯების გადადგმაც კი შეგიძლიათ. მაგალითად, საკვების შეკვეთა საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის.
როგორც კომპანიის მფლობელს, საკვების ყოველ შეკვეთაზე შეგიძლიათ პროდუქტების გაცემა. მაგალითად, თუ თქვენი კომპანია ყავას ყიდის, შეგიძლიათ თითოეულს, ვინც ონლაინ უკვეთავს, ან ფანჯრიდან მიაქვს, ჩანთა გადასცეთ. და თუ საკუთარი ბიზნესი არ გაქვთ, ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ მფარველობა გაუწიოთ კომპანიებს, რომლებსაც გაცემის ასეთი პროგრამები აქვთ. თუ თქვენი საყვარელი რესტორანი იძულებული გახდა საკუთარი კარი დაეხურა, შესაძლოა ისინი ასეთ დროს სასაჩუქრე ბარათების შეძენამ გადაარჩინოს და თქვენ კი, გემრიელი კერძების დაგემოვნების საშუალება მოგეცეთ, როგორც კი ის გაიხსნება.
ამ ახალ სამყაროში დღევანდელ დღეს უწინდელზე გაცილებით მნიშვნელოვანია გაცემა, და თქვენ შეგიძლიათ გზები მოიძიოთ გარშემომყოფთა დასახმარებლად. თუნდაც ფინანსები ამის საშუალებას აღარ გაძლევდეთ, მაინც შეგიძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანოთ ამ მძიმე დროს, ადამიანებს დაეხმაროთ და მოვლენებზე მოახდიოთ გავლენა.